ცხინვალის მედია: ახალგორის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ თვეში ერთხელ გადასვლის ნებას დართავენ

658

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ახალგორის მოსახლეობას ორ თვეში ერთხელ ე.წ. საზღვრის გადალახვის ნებას დართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ დეფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტზე (КГБ) დაყრდნობით, cominf.org ავრცელებს.

ცხინვალის რეჟიმის ეს გადაწყვეტილება შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა არ გააჩნიათ და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ. მათთვის „რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი ორ თვეში ერთხელ გაიხსნება.

КГБ-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ზომები მიღებულია დეფაქტო “უშიშროების საბჭოს“ 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით.

„აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლა ნებადართულია 24 იანვრიდან 6 თებერვლამდე. პუნქტი „რაზდახანი“ ფუნქციონირებს დილის 8:00-დან 11:00-მდე საქართველოს მიმართულებით და 17:00-დან 20:00 საათამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, პუნქტ „რაზდახანის“ მორიგი გახსნის თარიღს, სამომავლოდ, ე.წ. უშიშროების კომიტეტი ახალგორის მოსახლეობას რაიონის ხელმძღვანელობის მეშვეობით აცნობებს.

ახალგორიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელი პუნქტები უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია, რამაც განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ჩააგდო ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა. ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ამბობს, რომ სანამ ქართული მხარე წნელისთან გახსნილ საგუშაგოს არ აიღებდა, გამშვები პუნქტები არ გაიხსნებოდა.

ცხინვალის რეჟიმმა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით და მხოლოდ პენსიონერებისთვის 24 იანვარს გახსნა. ოკუპირებული რეგიონიდან ხუთი თვის განმავლობაში პირველად სამარშრუტო ტაქსი გამოვიდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორელებს აღნიშნული რეგულაციით სარგებლობის 10 დღიანი ვადა მისცეს.