კალაძე: თუ “რიყის დოქები” ვერ გასხვისდება, შემდეგ გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ

662

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დაველოდოთ, თუ “რიყის დოქები” ვერ გასხვისდება, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენ თავად გავაკეთოთ ან როგორ მოვიქცეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „რიყის დოქებს” სარეაბილიტაციოდ 20 მილიონი მაინც სჭირდება.

„ჩვენ გვქონდა არაერთი მოლაპარაკება ბიზნესსექტორთან. ჩვენ მზად ვიყავით ერთ ლარად გადაგვეცა საინვესტიციო ვალდებულებით, რომ მოეწესრიგებინათ და ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები, თუმცა, არავინ დაინტერესდა. დღეს, როცა ოფიციალურად არის გამოტანილი, რომ გაიყიდოს, არ ვიცი რამდენად რეალურია და რამდენად გადაიხდიან ადამიანები ამ თანხას. გარდა ამისა, 20 მილიონის სამუშაოები არის ჩასატარებელი, რომ მთლიანად მოწესრიგებული იყოს, რემონტი ჩაუტარდეს და რაიმე კონკრეტული ფუნქცია მიენიჭოს. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლაა, ცუდია. უნდა გამოიძებნოს დამატებით თანხები. თუ ვერ მოხდება გასხვისება, შეიძლება გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომ ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მერია დაელოდება „რიყის დოქების” გასხვისების პროცესს.

„ვიმსჯელებთ, ჯერ დაველოდოთ იქნება თუ არა გაყიდული 80 მილიონად ან მეტად. კარგი იქნება ეს თუ მოხდა. თუ ექნება დატვირთვა ამ კონკრეტულ ადგილს, იქნება მისასალმებელი. თუ ვერ მოხდა, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენ თავად გავაკეთოთ ან როგორ მოვიქცეთ”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ქონების პრივატიზაციის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუქციონზე ე.წ. რიყის დოქები გამოაქვს. ამის შესახებ განცხადება დღეს უწყების ხელმძღვანელმა, ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ცენტრში, 15 000 კვ.მეტრზე განთავსებული ობიექტის შეფასება მოხდა არსებული წესით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და მისი ფასი 95 მილიონი ლარია.