“ტორპედოს” ფანებმა აქცია გამართეს: ინვესტორი მზადაა თანხა ჩადოს, მაგრამ პროცესი მერიაში ჭიანურდება

548

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” გულშემატკივრები ქუთაისის მერიას მოუწოდებენ  იტალიელ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი დააჩქაროს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

მათ ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ფანკლუბის წევრები აცხადებენ, რომ სოციალური ქსელის საშუალებით კომუნიკაცია ჰქონდათ ფაბიო მანინთან, რომელიც კლუბში ინვესტიციის განხორციელების მზაობას გამოთქვამს. “ვესაუბრეთ ინვესტორს და მან თქვა, რომ მზად არის ინვესტიციის ჩასადებად. აქვს ძალიან დიდი მოლოდინი, მაგრამ პროცესი ჭიანურდება. სამ თებერვლამდე აქვს კლუბს ვადა დავალიანების დასაფარად, წინააღმდეგ შემთხვევაში მეოთხე ლიგაში დაქვეითება მოუწევს”, – ამბობს “ტორპედოს” ადმინისტრაციის თანამშრომელი ბაქარ მელაძე.

აქციის მონაწილეებს მერიის იურისტმა უპასუხა. ირაკლი გიორგაძე მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცალსახად არ ადასტურებს, თუმცა, ამბობს რომ პროცესში რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორია, მათ შორის,  ყოფილი ინვესტორის, ზაალ ჩაჩავას მიერ კლუბის წინაშე 1 200 000 ლარიანი დავალიანება, რომელიც ჩაჩავამ უკვე აღიარა, თუმცა, ვალი ამ დრომდე არ გადაუხდია. გარდა, აღნიშნული თანხისა, კლუბს ფეხბურთელებისა და ადმინისტრაციის ორ მილიონამდე სახელფასო ვალიც აქვს, რომლის გადახდის ვალდებულებასაც მერიის ინფორმაციით ახალი ინვესტორი იღებს, თუმცა, მერიის იურისტი ვერ ამბობს გადაიბარებს თუ არა ფაბიო მანინი “ტორპედოს” იმ შემთხვევაში, თუ ჩაჩავა 1 200 000 ლარიანი დავალიანება არ გაისტუმრებს.

მერიასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებების შეფერხების რეალური მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული თანხაა. ირაკლი გიორგაძე პირობას დებს, რომ “ტორპედოს” საკითხი სალიცენზიო ვადის ამოწურვამდე, სამ თებერვლამდე გადაწყდება.

ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე  თვეა ინვესტორის გარეშეა.  ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.

ქუთაისის მერია კვლავ პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებაზე საუბრობს.

“ტორპედოს” ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით  აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გაფორმებულიყო.