გორის მერია: კომპანიის დირექტორი აღარ გვეკონტაქტება… სამუშაოები მხოლოდ 55%-ით შესრულდა

395

გორში, აბრამიშვილის ქუჩაზე, კედლის გამაგრებითი სამუშაოები 55%-ით შესრულდა. ამის შესახებ დასკვნა გორის მერიამ ოფიციალურად გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, კედლის გამაგრებითი სამუშაოები 2019 წლის 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მერიის ზედამხედველობის სამსახური კომპანიის დირექტორის ძებნას 2019 წლის ნოემბრამდე ცდილობდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 17 მაისს, სატენდერო კომისიამ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინდა შპს „დასე“. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 20 339 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2019 წლის 31 ივლისი.

მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, მიმწოდებელმა შეასრულა 11 269,63 ლარის ღირებულების ვალდებულებები (ხელშეკრულების ღირებულების 55%).

“სამუშაოს დასრულებამდე 4 დღით ადრე, ვნახეთ, რომ ვალდებულებები შესრულებული იყო არასრულად და მიმწოდებელი არ გადიოდა შემსყიდველ ორგანიზაციასთან კონტაქტზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა,” – აღნიშნავენ მერიაში.

qartli.ge შეეცადა კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირებას, თუმცა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.