ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენელი: ენგურის ხიდთან არ უნდა იყოს აღმართული საქართველოს დროშა

726

პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძის განცხადებით, ენგურის ხიდთან არ უნდა იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა. მისი განმარტებით იქ, სადაც მთავრდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, უნდა იყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა და არა სახელმწიფო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ამით იქმნება შთაბეჭდილება, ყოველ შემთხვევაში სიმბოლოების ენაზე იგულისხმება, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო საზღვრათან, რაც უხეში შეცდომაა. სახელმწიფო დროშის აღმართვის წესი დარღვეულია. არ შეიძლება ენგურის ხიდზე აღიმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა ის, როგორც აღმართულია კარწახში, სარფში, წითელ ხიდთან…”, – განმარტავს გონგაძემ.

კითხვას, თუ როგორია ამ კუთხით მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ – გერბით და დროშით აღჭურვილია წარმომადგენლობითი ორგანოები. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობა ე.ი ამომრჩეველი გამოდევნილია. შესაბამისად, შეუძლებელია წარმომადგენლობითი დაწესებულებების არსებობა, რაც გამორიცხავს სიმბოლოების არსებობას.

“ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში, პირადად გახლავართ ავტორი, ჩატარებულია კვლევა აფხაზეთის ტერიტორიული სიმბოლოების შესახებ, გამზადებულია სიმბოლოების პროექტები, მაგრამ მათ მიღებას და დამტკიცებას სჭირდება წარმომადგენლობითობა, მისი პოლიტიკური ნება”, – აღნიშნა მამუკა გონგაძემ.