თურნავა: 2019 წელს საქართველოს 7 რეგიონის 11 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა

395

2019 წელს საქართველოს 7 რეგიონის 11 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 – 2021 წლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაზიფიცირების სამწლიან სტრატეგიულ პროგრამას ახორციელებს.

მათივე ცნობით, ამ პროგრამის მიმდინარეობა იყო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019 წლის ანგარიშისა და 2020 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის განხილვაც ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. პრეზენტაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილიც ესწრებოდა, კომპანიის ხელმძღვანელმა მიხეილ შალამბერიძემ წარადგინა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია,“ რომელმაც 2019 წელი ფინანსური მოგებით დაასრულა, უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, ზრდის მის ეფექტურობას, ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. კომპანია ოპერირებას უწევს 2000 კილომეტრამდე მაგისტრალურ გაზსადენს.

„ჩვენი კომპანიის გამართულ მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება. ამდენად, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს დიდ ნაწილს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში არსებული გაზსადენებისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვა და კოროზირებული მონაკვეთების შეკეთება/გამოცვლა, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია ახორციელებს გაზიფიცირების მასშტაბურ სამთავრობო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ, საქართველოს დაახლოებით 90 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული“, – განაცხადა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ.

პრეზენტაციის თანახმად, გაზიფიცირების 2019-2021 წლის სამთავრობო გეგმის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამწლიანი გეგმის ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 229 მლნ ლარი დაიხარჯება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გაზიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამაა, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

„2019 წელს გაზიფიცირება დაგეგმილზე სწრაფად წარიმართა და იმაზე მეტმა ადამიანმა შეძლო გაზის საერთო ქსელში ჩართვა, ვიდრე მანამდე იყო გათვალისწინებული. კერძოდ, შარშან 2019 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 7 რეგიონის 20 მუნიციპალიტეტის 41 დასახლებულ პუნქტში. ჯამში აშენდა 702 485,3 გრძივი მეტრი გაზსადენი და 10 820 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაზიფიცირების ახალი უბნების სამშენებლო სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დროს უმეტეს შემთხვევაში დასაქმებულია ადგილობრივი კადრები.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს, რომლებიც 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. მომზადებულია დამატებით 145 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის საჭირო პროექტი და დასრულდა 407 დასახლებული პუნქტის წინასაპროექტო მოკვლევა.