ტარიელ ნაკაიძე: ჩვენ გვინდა მივიღოთ ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეჩეთს უნებართვოდ ავაშენებთ

626

შემდეგი სტატია

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ბათუმის მერია 30 სექტემბერს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

მუსლიმთა კავშირი კი  სამი სასარჩელო მოთხოვნიდან ერთის დაუკმაყოფილებლობას ასაჩივრებს, კონკრეტულად კი სასამართლოს მიერ მერიისთვის მშენებლობის გაცემის ნებართვის გაუცემლობას. პროცესი სააპელაციო სასამართლოში 18 თებერვალს ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ახალი მეჩეთის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, თუ სასამართლო მათ მოთხოვნებს არ დააკამყოფილებს, სამუშაოებს ნებართვის გარეშე დაიწყებენ. ირწმუნებიან, რომ ფინანსებს მრევლი შეაგროვებს და სხვა საკულტო ნაგებობის მსგავსად მათაც მიეცემათ ღია ცის ქვეშ ლოცვის ნაცვლად პროცესის შენობაში წარმართვა.

”მერიამ გაასაჩივრა და ჩვენც შესაბამისად მესამე ნაწილი გავასაჩივრეთ, რომელიც შემდეგს გულისხმობს: ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის სასამართლოს მერიისთვის პირდაპირ უნდა დაევალებინა ნებართვის გაცემა. ჩვენ გვინდა მივიღოთ ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავაშენებთ მეჩეთს იმ მეთოდით, რა მეთოდითაც აქამდე შენდება მეჩეთები და ეკლესიები.

საერთოდ, აჭარიდანაც რომ არ გავიდეთ, საქართველოს ფარგლებში რომ დავიწყოთ ამაზე მუშაობა, დარწმუნებული ვარ მეჩეთის მშენებლობის თანხას შვაგროვებთ”, – უთხრა აჭარის მაუწყებელს ტარიელ ნაკაიძემ.