ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო ეტაპი საბურთალოს რაიონში ამოქმედდება

624

ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო ეტაპი საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, -ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პროექტი მასშტაბური იქნება.

„ზონალური პარკირების საპილოტე პროგრამა უკვე დავასრულეთ. მუშაობს საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე, მიმდებარე ქუჩებზე, აბანოთუბანში და ასევე ორბელიანის მოედანზე. შემდეგი ეტაპი გადადის ბარათაშვილის გამზირზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია პარკირების მოხმარების თვალსაზრისით და იქაც გავავრცელებთ საათობრივ პარკირებას. რაც მთავარია წინასაკომუნიკაციო კამპანია მოსახლეობასთან და პარკირების მომხმარებლებთან იქნება ზუსტად იგივე, რაც მანამდე გვქონდა. დარიგდება ფლაერები და დადგება ჩვენი სპეციალური პავილიონი, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება გაიარონ რეგისტრაცია და მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები მიუთითონ უფასო პარკირებისთვის. 10 მარტიდან დაიწყება საათობრივი პარკირების ოპერირება ბარათაშვილის გამზირზე. ამის შემდეგი ეტაპი იქნება ცოტა უფრო მასშტაბური და მოგვიანებით განვაცხადებთ. საბურთალოს რაიონში უნდა ელოდოთ შემდეგ ეტაპზე ზონალურ-საათობრივ პარკირებას“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცემერს არ დაუკონკრეტებია საბურთალოს რაიონის რომელ ქუჩებზე დაიწყება ზონალურ-საათობრივი პარკირება. მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას მოგვიანებით მიაწვდიან.

ცნობისთვის, 10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის ქუჩაზე ამოქმედდება.