გორის სოფელ ქერეს მოსახლეობას პროტესტის ნიშნად მესამე დღეა ბავშვები სკოლაში არ დაჰყავთ

499

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქერეს მცხოვრებლებს მესამე დღეა ბავშვები სკოლაში არ დაჰყავთ.

როგორც ქერეს მცხოვრებლები აცხადებენ, სოფელში სკოლა ავარიულია და მოსწავლეები მეზობელი სოფლის, მერეთის სკოლაში დადიან. მშობლები ამბობენ, რომ ტრანსპორტი მოუწესრიგებელია. მათივე ინფორმაციით, მერეთის საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში გათბობას აღარ რთავენ და კლასებში ცივა.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი აცხადებს, რომ მშობლების პრეტენზიები საფუძვლიანია.

„მშობლების პრეტენზიები არ არის უსაფუძვლო. ჩვენ ტრანსპორტი უკვე გამოვცვალეთ. ასევე შევთანხმდებით მშობლებთან, რომ გაჩერებების რამდენიმე წერტილი დაემატოს, მოსწავლეებს გვიან უწევთ შინ დაბრუნება და სახლში მისასვლელად მცირე მანძილის გავლა რომ მოუხდეთ. ასევე მოხდება დენის გამათბობლების შეძენა. ნამდვილად არის პრობლემა გათბობის კუთხით მერეთის საჯარო სკოლაში. სკოლა თბება ქვანახშირით და საქვაბე არის პატარა, რის გამოც ვერ ხერხდება მთელი დღე გათბობა. პროექტირება დაწყებულია და მომავალ წელს შეიცვლება საქვაბე“, – განაცხადა გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

დღეს რესურსცენტრის, სოფლის გამგებლისა და სოფელ ქერეს მცხოვრებლების შეხვედრაა დაგეგმილი.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის სოფელ ქერეს მოსახლეობამ აქცია 27 იანვარს გამართა. ქერელები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე სკოლისა და საბავშვო ბაღის აღდგენას მოითხოვენ.