გურჯაანის მერი დამტვრეულ მანქანას საკუთარი ხარჯით გაარემონტებს

778

წინა სტატია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის მანქანა, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა, ამ დრომდე არ გაურემონტებიათ. ამის შესახებ სპექტრი წერს.

საკრებულომ 20 იანვრის სხდომაზე განიხილა საკითხი და გადაწყვიტა, მერისთვის 70 ათასლარიანი მანქანა შეეძინათ. თუმცა მოგვიანებით მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ამ თანხით მანქანები ინფრასტრუქტურის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებისთვის უნდა შეიძინონ. Speqtri.ge დაინტერესდა, ამ შემთხვევაში რა ტრანსპორტი მოემსახურება მუნიციპალიტეტის მერს და რა გეგმები აქვს მერიას ძველ ავტომანქანასთან დაკავშირებით.

როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან წინწალაშვილი აცხადებს, მერის კუთვნილი ავტომობილი კია სპორტიჯი, ამ დროისთვის ავტოსადგომზე დგას.

„ვფიქრობ, მანქანა სტანდარტულად ჩაეშვება ექსპლუატაციაში და დიდი ალბათობით ისევ მერს მოემსახურება. ყოველშემთხვევაში მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს, რომ ძველი მანქანა ვინმეს სადმე მიჰყავს. მერი თავისი ხარჯებით აღადგენს მას, იმიტომ, რომ ასე ჩათვალა საჭიროდ და ალბათ, სწორეც არის, რადგან თვითონ იჯდა საჭესთან, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ შეხვედრაზე მიდიოდა სამინისტროში. მერისთვის მანქანის ყიდვაზე საუბარი არასოდეს არ ყოფილა. ლაპარაკი იყო ავტოპარკის განახლებაზე. საქართველოში მოწინავე მუნიციპალიტეტი ვართ ინფრასტრუქტურული პროექტებით და ეს ადგილზე ჯდომით არ მოდის, ამას მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი სჭირდება. არ გვყავს პრაქტიკულად მანქანები, არსებული ტრანსპორტი ხან გზაში ფუჭდება. ავტოპარკი მოძველებულია და იმის განახლებაზეა საუბარი, სავარაუდოდ, ორი მანქანა უნდა შევისყიდოთ,“- ამბობს წინწალაშვილი.

მისივე თქმით, როდის დაიბრუნებს მერი კუთვნილ ავტომანქანას ჯერ ცნობილი არ არის. ლევან წინწალაშვილის განმარტებით, არჩილ ხანდამაშვილი ამ დროისთვის ეკონომიკის სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდება.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მერმა ავტომანქანა მაშინ დაამტვრია, როდესაც 14 დეკემბერს თბილისში გამართულ აქციაზე მიდიოდა. ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთ – ერთი თანამშრომელი.