ნინოწმინდის სოფელ გორელოვკაში წყლის მილზე უკანონო დაერთებების ჩაჭრა გაზაფხულამდე გადაიდო

533

წინა სტატია

ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში, მოსახლეობა და თვითმმართველობა შეთანხმდა, რომ ცენტრალურ მილზე არსებულ უკანონო დაერთებებს გაზაფხულზე ჩაჭრიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

სოფელში ამბობენ, რომ უკანონო მიერთებებს სავარაუდოდ მაისში ჩაჭრიან, მაშინ როცა ამის საშუალებას ამინდი მისცემთ. ამ ეტაპზე სოფელს წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდება.

„ამდენი წელია ვითმენთ და რამდენიმე თვესაც მოვითმენთ. იმიტომ რომ ყინვებია, თან საქონელი შეგვეცოდა, რომ ჩავუჭრათ წყალს ვეღარ დალევენ, თავს ზევით ძალა არაა“, – ამბობს გორელოვკის მკვიდრი ამირან მელაძე.

სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულის მოადგილე, შალვა ბერძენიშვილი ამბობს, რომ გაზაფხულამდე პროექტი მომზადდება და ტენდერი გამოცხადდება.

„რთულია უკანონო დაერთებების ადგილების ნახვა ახლა, რადგან ყინვა და თოვლია. პროექტი მზადდება, როგორც კი ამინდი საშუალებას მოგვცემს ყველა შემავალი და გამავალი ხაზები გაიყოფა და წყალი ყველასთან იქნება თანაბრად“, – ამბობს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ლარი დასჭირდება პროექტის განხორციელებას.

სასმელი წყლის გაყოფის გამო სოფელ გორელოვკაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სუმბატ კიურეღიანსა და ჩაფინიანებს შორის დაპირისპირება, 16 იანვარს დაიწყო.

20 იანვარს ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ორი საათით გადაკეტეს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სასმელი წყალი არ ჰყოფნის რადგან, წყლის დიდი ნაწილი კიურეღიანების და კიდევ რამდენიმე ადგილობრივის ფერმაში მიდის. გარდა ამისა, პრობლემაა საძოვრებიც, მათი თქმით, გორელოვკაში ჰექტრობით მიწა ადგილობრივი ჩინოვნიკების ხელშია.