ზუგდიდის მერიაში ფერმერებისთვის აგროპედია განთავსდა

524

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ფერმერებისთვის და სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის სენსორული აპარატი – აგრო ენციკლოპედია განთავსდა. აქ შესაძლებელია აგრო მიმართულებით ინფორმაციის, სიახლეების და საჭირო კონტაქტების მიღება. ინფორმაციას ლივპრესი ავრცელებს.

მსგავსი საინფორმაციო მოწყობილობის განთავსების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში მერის წარმომადგენელ ბესიკ ირემაძეს ეკუთვნის, რომელიც თავადაც აქტიური ფერმერია. ფინანსური მხარდამჭერი ასოციაცია „სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი მაია მიქავაა.

“მაია მიქავას ასოციაციას აქვს ხელშეკრულება გაფორმებული მერიასთან და ამ მემორანდუმის ფარგლებში მაია მიქავამ გამოთქვა დახმარების სურვილი. აქ ჩატვირთულია ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ნებისმიერ დარგზე. ძალიან მარტივია ინფორმაციის მიღება. იქვე არის კონსულტანტიც და დააკვალიანებს მსურველს, როგორ მიიღოს ინფორმაცია. აქ არის ინფორმაცია ნიადაგის მომზადებზე, მცენარის დარგვაზე, თუ როგორ ნიადაგზე რა ტიპის სასუქებია შესატანი. როგორ უნდა შეიწამლოს და აშ. მოკლედ ყველაფერი დასაწყისიდან პროდუქტის საბოლოო მიღებამდე“, – განაცხადა ბესიკ ირემაძემ.

მისივე სიტყვებით, ფერმერებისთვის საინფორმაციო მხარდაჭერის აუცილებლობა იმ შეხვედრებზე და ტრენინგებზე იკვეთება, რომელიც მათ სხვადასხვა მიმართულებით უტარდებათ. სწორედ ამიტომ გადაწყდა მსგავსი აპარატის ყველასთვის ხელმისაწავდომ ადგილას განეთავსებინათ.