TI:: ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-ი პარლამენტის წევრის, ჯუმბერ იზორიას ძმისგან საწვავს გამარტივებული წესით ყიდულობს

779

ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი” საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას ძმისგან – ბადრი იზორიასგან (ინდივიდუალური მეწარმე) საწვავს გამარტივებული, პირდაპირი წესით ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის” მიერ საწვავის პირდაპირი წესით შესყიდვის პროცესში რამდენიმე პრობლემატური გარემოება იკვეთება.

„მუნიციპალური ა(ა)იპ ბადრი იზორიასთან გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებას 2018 წლის ივლისიდან აფორმებს, სულ 17 ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომელთაგან 16 შემთხვევაში ა(ა)იპ-მ საწვავი შეისყიდა, ერთხელ კი საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება. 2018 წელს პირდაპირი წესით საწვავი სამჯერ იქნა შესყიდული, 2019 წელს 12-ჯერ, 2020 წელს კი ერთხელ. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 145 966 ლარი შეადგინა.

ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის” მიერ საწვავის პირდაპირი წესით შესყიდვის პროცესში პრობლემატურია რამდენიმე გარემოება:

ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის პოზიციაზე მუშაობისას საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, კერძოდ ტელეკოპმანია “რუსთავის 2”-მა 2018 წლის ოქტომბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზორიას ოჯახიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოტანილი კონტრაბანდული საწვავი და სიგარეტი იყიდებოდა. სიუჟეტის გასვლიდან ერთ კვირაში იზორიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა ორ თვეში კვლავ უწინდელ პოზიციაზე აღადგინეს. 2019 წლის დეკემბერში კი ჯუმბერ იზორია საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, მან პარლამენტში ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე ჩაანაცვლა;

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ს ელექტრონული ტენდერები საწვავის შესყიდვაზე არც ერთხელ არ გამოუცხადებია, ყოველ ჯერზე გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის მეთოდი აქვს გამოყენებული;

გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. როგორც წესი, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ყოველთვის იცის, თუ რა მოცულობის საწვავის შესყიდვა მოუწევს ყოველ შემდეგ წელს, მის შესასყიდად კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კონსოლიდირებული ან/და ელექტრონული ტენდერის მექანიზმებს იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ბადრი იზორია ჯუმბერ იზორიას შვილის, გელა იზორიას ბიზნესპარტნიორია: იგი არის შპს “თაიგულის” 15% წილის მფლობელი და დირექტორი, ამავე კომპანიის 32%-ს ფლობს გელა იზორია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, აღნიშნული გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიკერძოებულ მიდგომასთან დაკავშირებით.

გაუგებარია, თუ რატომ აფორმებს ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი” საწვავის შესაძენად გამარტივებულ შესყიდვებს დაჩქარებულად. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, უნდა გამოცხადდეს კონკურენტული ტენდერი, რაც მომსახურეობის ფასს შეამცირებს და შესაძლო ფარული გარიგებების რისკს აღმოფხვრის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის” მიერ საწვავის შესყიდვის პროცესის კანონიერების საკითხი.