პრემიასა და დანამატზე 61 000 ლარზე მეტი დაიხარჯა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში

395

2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიცა, როგორც ფულადი ჯილდო, ასევე დანამატი. ჯამში წლის განმავლობაში ხელფასის გარდა დამატებით გაცემულმა თანხამ 61 705 ლარი შეადგინა. რიგითი თანამშრომლების გარდა ფულადი ჯილდოები მიიღეს თანამდებობის პირებმა – რწმუნებულის ყოფილმა და მოქმედმა მოადგილეებმა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან „ლაივპრესისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, შტატით მომუშავე თანამშრომლებზე გაიცა 2 400 ლარის ოდენობის დანამატი, 52 870 ლარის ოდენობის ჯილდო და 2 120 ლარის ფულადი დახმარება „შრომის უუნარობის გამო“ (ბიულეტენი). ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომლებზე კი ჯილდოდ გაცემულია 4 315 ლარი.

ინფორმაციაში, რომელიც რწმუნებულის ადმინისტრაციიდან მივიღეთ, აღნიშნულია მხოლოდ თანამდებობის პირთა ვინაობა, სხვა თანამშრომლები „პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის“ მითითებით სიაში მოცემული არ არიან.

სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ 2019 წლის ნოემბერში 770 ლარის ოდენობის ჯილდო აიღო, დეკემბერში კი 3 900 ლარი. ჯამში მისი ჯილდო 4 670 ლარია.

რწმუნებულის ყოფილ მოადგილე ირაკლი ჯიქიას გასული წლის იანვარში მიღებული აქვს 1 560, ხოლო თებერვალში 3 120 ლარის ოდენობის ჯილდო. ჯამში 4 680 ლარი.

ალექსანდრე მოწერელიას ასევე ყოფილ მოადგილე კობა ქანთარიას, ივლისში ჯილდოდ 3 850 ლარი ერგო. ყოფილი მოადგილე მალხაზ თორიას კი, ივნისში 3000 ლარი.

მოწერელიას მოქმედ მოადგილებს: ნინო ვიბლიანს დეკემბერში აქვს აღებული 3000 ლარი, ამდენივეს შეადგენს დავით ვერავასთვის დეკემბერში გაცემული ჯილდო. რაც შეეხება რწმუნებულის კიდევ ერთ მოადგილე ლუდუკ ხასიას, მას ნოემბერში 770, დეკემბერში კი 3 850 ლარის ოდენობის ჯილდო ერგო.

მოწოდებული ცხრილის მიხედვით, თანამდებობის პირების გარდა ფულადი ჯილდო წლის განმავლობაში მიიღო ცხრამეტმა თანამშრომელმა.

ჯილდოების გაცემის საფუძვლად მითითებულია: „დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულება, კეთილსინდისიერი მუშაობა და დამატებითი ფუნქციების შეთავასება“.