ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 22 მილიონ ლარამდე გაიზარდა

677

ზუგდიდის 2020 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება შევიდა. მისი მოცულობა 21 მილიონ 788 ათას 700 ლარით გაიზარდა და ნაცვლად ადრე დამტკიცებული 41 მილიონი ლარისა, 62 მილიონ 788 ათას 700 ლარით განისაზღვრა. გამოყოფილი თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებას მოხმარდება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

მათ შორის, 348 ათას 700 ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამას დაემატა, 326 ათას 500 ლარი გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის განისაზღვრა. 170 ათასი ლარი ავტოპარკის განახლებისთვის.

392 ათას ასი ლარი სკოლების აღდგენას და ტრანსპორტირებას მოხმარდება. 263 ათას 900 ლარი გადაუდებელი დახმარების ცენტრის და ამბულატორიების მშენებლობას.

ცვლილებების მიხედვით, 170 ათას 600 ლარი სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისთვისაა. ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამისთვის 64 ათას 900 ლარი.

მილიონ 567 ათას 800 ლარი ანაკლიის კაფე-რესტორნის რეკონსტრუქციისთვის.

6 მილიონ 395 ათას 500 ლარი გზების სარეკონსტრუქციოდ, სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში ორწლიანი პროექტის გაგრძელების ფინანსური უზრუნველყოფისთვის.

მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების აღდგენა, კულტურული ღონისძიებების დაფინანსება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამა, ხიდების მშენებლობა, ყინულის მოედნის დემონტაჟი და მონტაჟი, – ეს ნაწილია იმ მიმართულებების, რასაც ეს თანხა მოხმარდება.

21 მილიონ 788 ათას 700 ლარიდან ნაწილი არის რეგიონული განვითარების ფონდიდან, ასევე ნაწილი დელეგირებული უფლებამოსილები. ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მორჩენილი ნაშთები.

სოფელ კახათის მაჟორიტარმა დეპუტატმა მანანა მებონიამ სხდომაზე განაცხადა, რომ სოფლებისთვის თანხები ზოგჯერ არათანაბრად ნაწილდება, რაც დისკრიმინაციული შეიძლება იყოს.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, სოფლებზე თანხები პირობითად არის გადანაწილებული. კერძოდ, აღნიშნა, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, კომისია, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც სოფლის მაჟორიტარები, ისე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.

“შესაბამისად, იქ არსებული პრობლემების კვალობაზე მოხდება თანხების გადანაწილება. ასევე, ბევრი ადმინისტრაციული ერთეულის ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პრობლემები უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში”, – განმარტა მამუკა წოწერიამ.