აქციის მონაწილეებმა თბილისის საკრებულოსთან სიმბოლურად ნაგვის ურნა მიიტანეს

794

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა, დედაქალაქის საკრებულოსთან, სადაც ისინი აქციას მართავენ, ნაგვის ურნა მიიტანეს.

აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნაზე გააკრეს სტიკერები “ქართული ოცნების” დეპუტატების, ალექსანდრე ხუჯაძისა და თარაშ შურღაიას გამოსახულებით. მათი თქმით, სწორედ მათ სხცემეს ბიუროს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს.

„ურნის აქ მოტანას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ამ ურნაში აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატები. ეს არის თქვენი ბოლო. პოლიტიკურ ურნად გადაიქცა ქართული ოცნება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო, მონებო“.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, საკრებულოს თავმჯდომარისგან, გიორგი ტყემალაძისგან მიიღონ პასუხი, თუ რატომ არ ისჯებიან “მოძალადე დეპუტატები”.

მათი მოთხოვნაა, ეს წევრები საკრებულოდან გარიცხონ, ასევე, მათ დატოვონ მმართველი პარტიის რიგები.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ასევე ითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას, რა მიზნითაც რამდენიმე მათგანი საკრებულოს შენობაში შევიდა.

შენობაში შესვლა აქტივისტებთან ერთად სცადეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და ზაალ უდუმაშვილმა, თუმცა საკრებულოს სამივე შესასვლელში პოლიცია დგას. ისინი მათ ამისამართებენ სხვადასხვა შესასვლელთან, თუმცა იქ მისულ პოლიტიკოსებს პოლიციელები იმავეს ეუბნებიან, რომ სხვა შესასვლელთან მივიდნენ.

ცნობისათვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც დაზიანებები მიიღო „ნაცმოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

“ერთი ერთზე ვერ მერევიან, მაგრამ ათნი მერევიან. ვერ წამაქციეს, ვერ წამაქცევენ. კალაძის დავალება იყო, მაჩვენეთ ეგ ბიჭი დაალურჯეთო. ესენი ლაჩრები არიან და შეასრულეს”, — ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება. ფაქტზე სს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუამ, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა ცემა პირადი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა.