გენგეგმის ავტორები: 300 არაგველის მემორიალის მიმდებარედ სარეკრეაციო სივრცე უნდა მოეწყოს, სამანქანო გზა კი გვირაბში გადავიდეს

1161

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფი „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თბილისის მერიას მტკვრის სანაპიროს გამოყენებას და რამდენიმე ადგილას სარეკრეაციო ზონის მოწყობას სთავაზობს. მათ შორისაა 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაც, რომლის ნაწილიც, გენგეგმის ავტორთა აზრით, უნდა გადაიქცეს საფეხმავლო ტერიტორიად, რომელსაც კავშირი ექნება მდინარე მტკვართან და სარეკრეაციო ზონად იქცევა. რაც შეეხება იქ არსებულ მარცხენა სამანქანო ზოლს, ის, გენგეგმის ავტორთა მოსაზრებით, მარჯვენა სამანქანო ზოლის ქვეშ, გვირაბში უნდა გადავიდეს.

უფრო დეტალურად, რა წერია დოკუმენტში:

“არსებული მდგომარეობით, ფაქტობრივად, 300 არაგველის მემორიალი და სარეკრეაციო სივრცე ორ სამანქანო ტრასას შორისაა მოქცეული, რაც ცალსახა ხელის შემშლელი ფაქტორია ფეხით მოსიარულე ვიზიტორთათვის.


მტკვრის, როგორც სარეკრეაციო სივრცეზე საუბრისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ხშირად რელიეფის სიმაღლეთა სხვაობა არ გვაძლევს საშუალებას პირდაპირი კავშირი ვიქონიოთ მტკვრის ნაპირებსა და თავად მდინარეს შორის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორია სწორედ ამით გამოირჩევა ჩვენს მიერ საინტერვენციოდ შერჩეული ტერიტორიების უმრავლესობისგან. აქ გვაქვს საშუალება, სიმაღლეთა ცვლილების გარეშე, შევქმნათ პირდაპირი კავშირი მდინარესთან. ამ იდეის განხორციელების ერთადერთ წინაღობად არსებული მარცხენა სამაქანო ზოლი გვევლინება. სწორედ, ამ წინაღობის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ გადაგვეტანა იგი მარჯვენა ზოლის ქვეშ, გვირაბში. ამ ინტერვენციის შედეგად ვიღებთ უწყვეტ სარეკრეციო სივრცეს, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ფეხით მოსიარულე მოსახლეობაზე, უსაფრთხოა მცირეწლოვანთათვის და მეტად მომხიბლავს ხდის დასვენებას უფროსთათვის.

ძირითადი კონცეფციით, ახალი სარეკრეაციო სივრცე იყოფა 5 ნაწილად:

 

• მემორიალის ტერიტორია, რომელიც ერთგვარი საფეხმავლო მოედნის ფუნქციას ითვისებს.

• ფილებიანი დაღმართი, რომელიც არ აღემატება დახრილობის 4%-ს. იგი ერთგვარი მოსასვენებელი ტერიტორიაა ვიზიტორთათვის. ადგილი, სადაც მსურველს აქვს საშუალება ჩამოჯდეს, ითამაშოს ან თუნდაც ისრიალოს სხვადასხვა სპორტული ინვენტარით.

• 3 მეტრიანი ზოლი მდინარის ნაპირის გასწვრივ. ეს ტერიტორია გათვლილია სეირნობისთვის, მთლიანად მოკირწყლულია ფილებით და გარკვეული ბულვარის როლს ასრულებს.

• მოტივტივე ტერასები, რომლების მონიშნულია ორ ადგილას და ეყრდნობა მტკვართან უშუალოდ მისასვლელების არსებულ გეგმას და ქმნის პირდაპირ კავშირს წყალთან.

• მწვანე საფარი, როგორც ერთგვარი ურბანული ტყე ქალაქურ კონტექსტში.

იხილეთ გენგეგმა სრულად