გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სხვილოს ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

673

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ჭალას სიახლოვეს, სხვილოს ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ qartli.ge-ს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროექტის პრეზენტაცია  24 იანვარს დილით გაიმართება. სხვილოს ციხეზე ჟურნალისტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები და შიდა ქართლის გუბერნატორი ეპატიჟება.

როგორც qartli.ge-მ გაარკვია, ამ ეტაპზე იწყება სარეაბილიტაციო სამუშაოების 1-ელი ეტაპი. ამ სამუშაოებს კომპანია “ტაძარი +” ახორციელებს, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში.

სხვილოს ციხის ტერიოტირიის გაწმენდის პროექტი 1-ელი ეტაპი მოიცავს ტერიტორიის გაწმენდას ბიო საფარის, ნაგვისა და მიწისგან და ჩამოშლილი ქვებისგან, რომლებიც უნდა გადაეწყოს და გამოყენებულ იქნას კედლების კონსერვაციისთვის.

,,აუცილებელია ტერიტორიის გასუფთავება ნაგვისა და მიწისგან, ასევე უნდა მოეწყოს კიბეები და ცხაურის ტიპის კარი, ამოიძირკვოს 2 ხე რომელიც აზიანებს კედლებს. პირველ ეტაპზე აუცილებელია მოხდეს ტერიტორიის გაწმენდა რათა გამოჩნდეს და დაიგეგმოს შემდგომში ჩასატარებელი სამუშაოები. გასაწმენდი ტერიტორიის მთლიან მოცულობა შეადგენს 435 მ2″ – აღნიშნავს პროექტის ავტორი გიორგი სოსანიძე.

სხვილოს ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა. მაღალი მთის ქედზე აღმართული ციხე გადაჰყურებს ლეხურის ხეობასა და ტირიფონის გაშლილ ვაკეს. აგებულია XIV საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ აქ ციხე ადრევე იყო (“მატიანე ქართლისაში” (XI ს.) იხსენიებიან X საუკუნის მოღვაწენი დაჩი და ივანე სხვილოსელნი).

სხვილოს ციხის ისტორია დაკავშირებულია ზევდგენიძეთა (ამილახვარნი) ფეოდალური საგვარეულოს აღზევებასთან. XIV საუკუნეში მათ ჯერ სხვილოს მამული მიიღეს.  XVII საუკუნის 40-იან წლებში სხვილოს ციხე ირანის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის გამგებლის გივი ამილახვარის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. XVIII საუკუნის ბოლომდე სხვილოს ციხე ამილახვართა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში მან დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა.

ციხე წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ, ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობას, რომელსაც ერთადერთი ვიწრო შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. იგი 2 მ სიმაღლეზე იყო მოთავსებული და, როგორც ჩანს, ხის კიბით ადიოდნენ იქამდე.  ციხის კედლების სიმაღლე 11-14 მ აღწევს, სისქე – 2 მ სულ ზემოთ მოწყობილი ყოფილა მებრძოლთა სამოძრაო იარუსი.

სხვილოს ციხეს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლის სტატუსი 2006 წელს და იგი ეროვნული კატეგორიის ძეგლთა ნუსხაშია.