“მტკვარი ჰესზე” დამატებით 300 მეტრიანი გვირაბი შენდება

827

„მტკვარი ჰესის“ პროექტში ცვლილბება შევიდა – სოფელ საყუნეთის მხრიდან 300 მეტრიან გვირაბს გაიყვანენ. მტკვარი ჰესის ადმინისტრაციამ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო, რადგან სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„მტკვარი ჰესის“ ადმინიტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტში ცვლილებების შეტანა და დამატებითი გვირაბის მშენებლობა, სამუშაოები დაჩქარების მიზნით გახდა საჭირო.

„საყუნეთის მხრიდან გვინდა დამატებითი შესასვლელის გაკეთება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო დავაჩქაროთ პროექტი და პარალელურად იმუშაოს ორმა კონტრაქტორმა: გვირაბის კონტრაქტორმა და სამშენებლო ნაწილის კონტრაქტორმა“, – განმარტა „სამხრეთის კარიბჭესთან“ შპს „მტკვარი ჰესის“ დირექტორმა ალექსანდრე ოქროშიძემ.

შესაბამისად, ადმინისტრაცია, სოფელ საყუნეთიდან დაახლოებით 800 მეტრის, ხოლო სოფელ ზიკილიიდან 300 მეტრიანი გვირაბის მშენებლობას აპირებს.

ცვლილებების განხორციელების შესახებ „მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაცია დასტურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამისნიტროიდან ელოდებოდა. მათ უწყებას სკრინინგის განცხადებით 25 ოქტომბერს მიმართეს.

“300 მეტრიანი გვირაბის მშენებლობის შესახებ, შემოვიდა ჩვენთან სკრინინგზე განცხადება და გავეცით პასუხი, რომ ამ პროექტს გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ სჭირდება, შესაბამისად, ნებართვა გაცემულია“, – აცხადებენ სამინისტროში.

ჰესის ადმინისტრაცია სკრინინგის განცხადებაში უთითებს, რომ ჰესის ექსპლუატაციაში გადაცემა ვერ მოხდება დაგეგმილი დროისათვის, რადგან სადაწნეო გვირაბის გაყვანის სამუშაოები, ქანების ჩამოშლის გამო, 18 თვით შეფერხდა. შესაბამისად, ისინი გვირაბის გაყვანას სამუშაოების დაჩქარების მიზნით გეგმავენ.

„2017 წლის დასაწყისში, როცა გაყვანილი იყო გვირაბის 7.3 კმ, გვირაბის დერეფანში გამოვლინდა არახელსაყრელი გეოლოგიური პირობები, მონაკვეთზე დაფიქსირდა ქანების ჩამოშლა, რამაც გამოიწვია გვირაბგამყვანი მანქანის ბლოკირება და გვირაბის გაყვანის სამუშაოების შეფერხება 18 თვით, 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივნისამდე.

გვირაბის გაყვანის სამუშაოების აღდგენა მოხდა 2019 წლის 23 ივნისს და მას შემდეგ გაყვანილია დაახლოებით 1 036 მეტრი. მტკვარი ჰესი მშენებლობის ნებართვით და ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, აღნიშნული შეფერხების გამო, საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება, რაც ითვალისწინებს სადაწნეო გვირაბში შესასვლელი ერთი დამატებითი გვირაბის მოწყობას ჩრდილოეთ პორტალთან“, – ნათქვამია სამინისტროში წარდგენილ სკრინინგის განცხადებაში.

მტკვარი ჰესის სამშენებლო სამუშაოები 2010 წელს დაიწყო. როგორც ერთი წლის წინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, „მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს უნდა შევიდეს.