მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

1907

კურორტ აბასთუმანში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ისტორიული სახლიდან გასახლებული ოჯახები უკან დაბრუნდნენ. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამჟამად სამუშაოები ერთ სახლშია დარჩენილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ისტორიული სახლების მეპატრონეებისთვის ჩასაბარებლად, მშენებელ კომპანიას ვადა დეკემბრამდე ჰქონდა. მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ პროექტი თითქმის დამთავრდა: „ახლა მხოლოდ ერთ სახლში მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც თებერვალში დასრულდება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ძალიან ცოტაა ამ სახლშიც დარჩენილი. დანარჩენ 17-ში მცხოვრებლები წლის ბოლოს შევიდნენ“.

კურორტ აბასთუმანში 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია 2018 წლის აპრილში დაიწყო. სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი 3 715 305 ლარად ახორციელებს. სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

გარდა ისტორიული სახლებისა, მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ რეაბილიტაცია დასრულდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და საბაგიროზეც.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ობსერვატორიის რეაბილიტაციის პროექტი 3 422 554 ლარად განხორციელდა, თანხიდან 961 287 ლარი კი საბაგიროს რეაბილიტაციას მოხმარდა.

სრული თანხის 20% სახელმწიფომ, 80% კი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.

ობსერვატორიაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მთავარ შენობას. პროექტის მიხედვით, უნდა მომხდარიყო დიდი ტელესკოპის AZT 11-ის შენობის სრული რეაბილიტაცია, სადაც დაგეგმილი იყო ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის, კაფის, საგამოფენო და სამუშაო სივრცის, ასევე ბიბლიოთეკის განთავსება.

ობსერვატორიისა და 18 ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ABEKA” ახორციელებს.