წყნეთის ყოფილ სამთავრობო აგარაკებზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

843

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წყნეთში მდებარე ყოფილ სამთავრობო აგარაკებს ელექტრონულ აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა.

23 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონი 22 იანვარს დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ჯერ არ ამბობენ, როდის და რა პირობებით გამოცხადდება ახალი აუქციონი.

ქონების საწყისი ფასი 55 710 287 ლარი იყო. აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია, შესაბამისად, ჩაიშალა.

საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე აეშენებინა სასტუმრო, ასევე მყიდველს შეეძლო, არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. განსახორციელებელი ინვესტიცია კი, არანაკლებ 20 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელი იყო.

გამოიტანს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე წყნეთში მდებარე ყოფილ სამთავრობო აგარაკებს კვლავ გასაყიდად, ჯერ უცნობია.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია (13 შენობა-ნაგებობა) 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზე არის განთავსებული.

საპრივატიზებო ობიექტები ბიზნესს მთავრობამ 29 ნოემბერს შესთავაზა. დღევანელი მონაცემებით, 38 ობიექტია გაყიდული.

გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიაში, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია  -7.51 მილიონი ლარი, ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 2 538 000 ლარი, თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 10 005 000 ლარი.

ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საპრივატიზებო სიას ეტაპობრივად ახალი ობიექტებიც ემატება.