ახალციხის სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

479

2020 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამავე წელს იგეგმება მეხუთე საჯარო სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაციაც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სკოლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის თანხა გაზრდილია. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტი იმ პრიორიტეტების მიხედვით განახორციელებს, რომლებსაც განათლების სამინისტრო მიაწვდის.

“წელს თანხა იზრდება, მანამდე 760 000 გვქონდა, წელს კი მილიონზე მეტი იქნება. ადრე გაზაფხულზე ჩვენ ყველა პროექტი გვექნება, ტენდერებიც იქნება გამოცხადებული“, – განმარტა ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ მერიის მიერ გაწეული მუშაოების ანგარიშის წარდგენისას.

მისივე თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება მეხუთე საჯარო სკოლის სპორტული მოედნის კეთილმოწყობა: „მეხუთე სკოლაში სტადიონის პრობლემა მტკივნეულია და პროექტი უკვე გვაქვს. ამ სკოლას არა მარტო სტადიონი, გათბობაც უნდა გავუკეთოთ და ალბათ კოსმეტიკურ რემონტზეც უნდა გადავიდეთ“, – განმარტა მელიქიძემ.

მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ამავე პრობლემაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გურამ ჯინჭველაძემაც.

“გამოვიარე მეხუთე საჯარო სკოლასთან. მანდ რომ კატასტროფაა ასეთი არ ვიცი. რეგიონში ყველაზე დიდი სკოლაა, სადაც 1600 ბავშვი სწავლობს, მათ შორის ოთხი ჩემი შვილი და რაზე თამაშობენ ბავშვები ვერ გეტყვით, ეს მტვრიანი ბეტონია“, – განაცხადა ჯინჭველაძემ.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სკოლებში მოსაწესრიგებელი პრიორიტეტების ნუსხას, თავად სამინისტრო ადგენს. რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დელეგირებულ თანხას ხარჯავს: „ეს იქნება სახურავები, გათბობა, კარ–ფანჯრების მოწყობა და ა.შ. ყველა სკოლას წარმოდგენილი აქვს პრობლემები. ძალიან ბევრ სკოლას სჭირდება დახმარება, სველი წერტილი იქნება თუ სხვა რამ“, – აღნიშნა ქალაქის მერმა.

საჯარო სკოლებში მშენებლობა და რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში 2018 წლიდან გადავიდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკუთარი უფლება-მოსილების ნაწილი თვითმმართველობებს გადააბარა.