ზესტაფონის მერია: ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

817

ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ზესტაფონის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში ერთდროულად 9 საავტომობილო გზას უტარდება კეთილმოწყობის სამუშაოები. მერიის დაკვეთით საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა ქალაქის და სოფლის საავტომობილო გზებზე მიმდინარეობს.

გზების რეაბილიტაცია 2 960259 ლარით არის დაფინანსებული, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღდგენილი ინფრასტრუქტურით კი ასეულობით ადამიანი ისარგებლებს.

გზების რაებილიტაციის პროცესი, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

„ზესტაფონში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დავიწყეთ. უახლოეს პერიოდში 6 ახალი გზის კეთილმოწყობაზე გამოვაცხადებთ ტენდერს. რეაბილიტირებული საავტომობილო გზები იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეუზღუდავად შეძლებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დაკავშირებას“, – განაცხადა მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა შემდეგ ქუჩებზე მიმდინარეობს: ათონელების ქუჩა (მეორე შესახვევი), ზაპოროჟიეს ქუჩა (პირველი შესახვევი ), არგვეთა (შაორგესის დასახლება), შროშის გზის რეაბილიტაცია, ცხენთაროს გზის რეაბილიტაცია, დაბა შორაპანი (გაჩეჩილაძის ქუჩა), ზედა საქარა (თავაძეების უბანი), ფუთი (ქათამაძეების უბანი) და ზოვრეთის სასოფლოს გზა.