გორში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა იწყება

678

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება.

გორის მერიის ცნობით, პროექტებს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში წინასწარ შედგენილი გრაფიკით 21 იანვრიდან დაიწყება. მუნიციპალიტეტში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

„პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა – სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით); წყაროების მოპირკეთება; სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; კულტურის ობიექტები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; სასაფლაოს შემოღობვა; თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები; მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უნდა შეუწყონ ხელი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღებას კოორდინაციას გაუწევენ გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სამსახურების ხელმღვანელი პირები, მერის მოადგილის ერასტი ელიჯარაშვილის ხელმძღვანელობით.

სოფლის კრებები იანვარ-თებერვლში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან განახლებული სახით აღდგა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასატარებელი საერთო კრების სხდომების და ამომრჩევლებთან გასამართი კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ ლინკზე.