აუდიტი: ლაგოდეხის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 142 700 ლარი დაუსაბუთებლად გასცა

764

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლაგოდეხის თვითმმარველობამ 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ. 142.7 ათასი ლარი გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს 2017-2018 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით სულ 142.7 ათასი ლარი აქვთ მიღებული. საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად 380 ლარი.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუნიციპალიტეტმა კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. შესაბამისად, აუდიტის დასკვნის მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.

“საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალებები და იდენტური ხარჯი”, – ვკითცულობთ აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს რეკომენდაციით , რომ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში. აუდიტის ცნობით, აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვასა და საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.