ახალგორის გამგებელი: 5 თებერვალს 5 თვე გახდება, რაც ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, მოსახლეობა უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაშია

536

წინა სტატია

შემდეგი სტატი

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა უკიდურესი სტრესის ქვეშაა. ამის შესახებ თინიკაშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა.

„მოსახლეობა შიშობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, ოკუპირებულ დაბაში შესაბამის სამედიცინო სერვისს ვერ მიიღებს და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. სხვა სამედიცინო სერვისებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მედიკამენტებიც კი არაა. პროდუქტების უმრავლესობა ახალგორში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედიოდა, მას შემდეგ კი, რაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გზები ჩაკეტეს, პროდუქტები გაძვირდა. ყველაფერი ვლადიკავკაზიდან, ცხინვალის გავლით შედის დაბაში, რაც ფასებს ახუთმაგებს. მაგალითად, მანდარინის შეძენა, რომელიც აქ 1 ლარი ღირს, ახალგორელებს 5-6 ლარად უწევთ ყიდვა. კატასტროფული ფასებია ხილსა და ბოსტნეულზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ძალზე უკმაყოფილოა და როდესაც ე.წ. პრეზიდენტი ახალგორის მოსახლეობას შეხვდა, ეს უკმაყოფილება და პროტესტი ცალსახად დააფიქსირეს დაბაში მცხოვრებლებმა. 5 თებერვალს 5 თვე გახდება, რაც ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში, დაბაში შესვლა ვეღარ შეძლეს იმ ადამიანებმა (პედაგოგებმა, მედიცინის მუშაკებმა), რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ახალგორში. საოკუპაციო რეჟიმს, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს ახალგორელები, როგორც ეთნიკურად ქართველები, ასევე ეთნიკურად ოსი მოსახლეობაც“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.