მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

1683

წინა სატატია

 გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად შენობაში ცხოვრობენ, – აცხადებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლი აშენდება.

პროექტის ფარგლებში, მცხეთის, გორის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა დასახლებებში 10 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა. 2020 წელს, ასევე დაგეგმილია 10 პროექტის განხორციელება, 8 საბავშვო ბაღის აშენება და 2 ბაღის რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო ცენტრები აშენდება. 260-მდე ახალგაზრდა დევნილი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლის. ამასთან, დევნილებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მცირე და საშუალო საწარმოებზე 136 გრანტი გაიცემა”, – განმარტავენ სამინისტროში.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს – „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.