გახარია: ჩვენთვის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა მნიშვნელოვანია

1096

წინა სტატია

“ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თბილისთან დიალოგის შესახებ ასლან ბჟანიას განცხადებას ეხებოდა. ონფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს.

“ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მშვიდობა და მოლაპარაკება. ასევე, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გარდაბანში, სადაც პრემიერი „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გახსნას დაესწრო.

16 იანვარს სახელმწიფო მინისტრმა ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის დიალოგისთვის აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან და ამისთვის ნაბიჯებსაც დგამს.

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერი, „ოპოზიციური ძალების ბლოკის“ ხელმძღვანელი, პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი რაულ ხაჯიმბა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს.

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, ხაჯიმბამ კი თანამდებობა 12 იანვარს დატოვა. დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, აფხაზეთის ეგრედ წოდებულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს და როგორ ფორმატში, ან რა ფორმით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.