წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ 55.7 მილიონ ლარად იყიდება

750

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია – აგარაკები გამოიტანა.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია (13 შენობა-ნაგებობა) განთავსებულია 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზე, რომლის საწყისი ღირებულება 55,711,500 ლარად სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ“ შეაფასა.

საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე ააშენოს სასტუმრო. ამასთან, მყიდველს შეუძლია განახორციელოს არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ინვესტიცია, რომელიც მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამავე დროს, ამით ხელი შეეწყობა მომიჯნავე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას.

წყნეთის აგარაკები ცნობილია თავისი გამწვანებით და წიწვოვანი ხეებით. საპრივატიზებო პირობებში ცალსახადაა მითითებული, რომ ტერიტორიის განაშენიანება გენერალური გეგმის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რაც მწვანე საფარის სრულად დაცვას ითვალისწინებს.

პრივატიზაციის უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი აუქციონზე გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით არის გამოტანილი.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი, დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

საპრივატიზებო ობიექტები ბიზნესს მთავრობამ 29 ნოემბერს შესთავაზა. დღევანელი მონაცემებით, 38 ობიექტია გაყიდული.

გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიაში, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია  -7.51 მილიონი ლარი, ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 2 538 000 ლარი, თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 10 005 000 ლარი.

ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საპრივატიზებო სიას ეტაპობრივად ახალი ობიექტებიც დაემატება.