ქუთაისმა ევროკომისიის მიერ შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტურიზმის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

593

ქუთაისმა ევროკომისიის მიერ შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობას და განვითარებას ისახავს მიზნად.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტზე განაცხადი ქუთაისმა პარტნიორებთან – მოლდოვასთან, უკრაინასა და რუმინეთთან ერთად 2019 წელს შეიტანა.

“პროექტი “აქტიური ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში“ (EscapeLand) ტრანსასაზღვრო ტურიზმისა და კულტურული მეწარმეობის განვითარებას გვთავაზობს, რათა გაიზარდოს ინვესტიციები და ტურისტების რაოდენობა. პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში აქტიური ტურისტული პოტენციალის გაზრდას და აქტიური ტურისტული ადგილების ათვისებას, ერთობლივი B2B კონფერენციების ჩატარებას. სამიზნე ჯგუფებია ტურ-ოპერატორები, ადგილობრივი ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შესაბამისი ტურისტული და კულტურული საქმიანობა აქვთ BSB–დან. პროექტი ორწლიანია და ქუთაისის მუნიციპალიტეტი 147 068,26 ევროთი დაფინანსდება, აქედან, ქალაქის თანამონაწილეობა განისაზღვრება 8% – 12 788. 54-ით. საერთო ჯამში, ქუთაისისთვის თანხა შეადგენს 159 856.80 ევროს. ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის ეს მეორე მიმდინარე დაფინანსებაა ევროკავშირის მიერ, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.