რატომ აჭიანურებს ახალციხის მერია შშმ პირების დღის ცენტრისთვის შენობის გადაცემას

484

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“, რომელიც ახალციხეში შშმ პირების მშობლებმა დააფუძნეს, დღის ცენტრის გახსნისთვის მერიას შენობის გადაცემას სამი თვეა სთხოვს. ორგანიზაციის დამფუძნებელი ამბობს რომ შენობის ფუნქციონირების დეტალური გეგმა მუნიციპალიტეტთან გადაგზავნილი აქვთ. მერი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვეფხია დიაკონაშვილი ამბობს, რომ საბარგო სადგურზე, საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის გადაცემის მოთხოვნით, ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს 2019 წლის ოქტომბერში შეხვდა. მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილითაც მიმართა: „თვეზე მეტია გავუგზავნეთ წერილი, პასუხი კი დღემდე არ მიგვიღია“.

მუნიციპალიტეტის მერის გარდა, დიაკონაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით, მერის პირველ მოადგილესაც ესაუბრა: „ერთ-ერთ შეხვედრაზე შევხვდი, სადაც ვკითხე გურამ მელიქიძეს რა ხდებოდა შენობის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც აღმოჩნდა საქმის კურსში არ იყო, თუმცა დამპირდა რომ მოიკითხავდა. ამის შემდეგ არც მისგან მსმენია რაიმე.“

ვეფხიას განმარტებით, ორგანიზაციის მთავარი თხოვნა, საბარგო სადგურზე მდებარე, საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სარგებლობაში გადაცემაა, ამის შემდეგ დაიწყებენ დონორებთან მოლაპარაკებასაც.

„მუნიციპალიეტეტის მერიაში დეტალური, 22 გვერდიანი პროექტიც გვაქვს გადაგზავნილი. გარდა ამისა, დიდი ადამიანური რესურსიც გვაქვს იმისთვის, რომ შენობის რეაბილიტაციაში ჩვენც აქტიურად ჩავერთოთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ შენობას ამ ეტაპზე ვერ გადასცემენ, რადგან მათ დეტალური გეგმა არ აქვთ იმისა, თუ როგორ შეძლებენ შენობის გამოყენებას.

„შენობის სარგებლობაში გადაცემაზე ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. წარმოადგინონ გეგმა რის, როგორ გაკეთებას აპირებენ. ასე შენობას ვერ გადავცემთ. გამოითხოვეთ მათგანაც, აქვთ რაიმე დოკუმენტი?“

ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას მერიამ წერილზე პასუხი გაუგზავნა, თუმცა რა ეწერა მასში, არ გვიპასუხა: „დღეში ათობით წერილს ვამუშავებთ და ვაგზავნით, როგორ გითხრათ რა ეწერა იმ წერილში?“.

მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც გააკეთა.

„მუნიციპალიტეტის მერია მზად არის განიხილოს აღნიშნული საკითხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი შენობა-ნაგებობა მნიშვნელოვნად საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციისა და განსახორციელებელი ინვესტიციის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა. მხარეებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გავლილი აქვთ“ – გვითხრეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ახალციხეში შშმ პირების მშობლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია 2016 წელს შექმნეს.