რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში „რივიერას“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციების გამართვას გეგმავს

503

წინა სტატია

ორგანიზაციები „დაიცავი ბათუმი“, „ბათომი“, „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე ალტერნატივა“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმში „რივიერას“ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

ორგანიზაციები წელიწადზე მეტია, აპროტესტებენ სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის „რივიერაზე“ პირველი 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა.

„მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპროტესტო აქციების პარალელურად, ორგანიზაციები გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ.

„რივიერას“ განაშენიანების პროექტს სხვადასხვა ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტები იმ მოტივით აპროტესტებენ, რომ პროექტი არ ჯდება ქალაქის ისტორიულ განაშენიანებაში და სანაპიროზე ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს.