ალეკო ელისაშვილი: თუ ინსტიტუციონალური ცვლილებები არ მოჰყვა, თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების ეს გეგმაც დარჩება ოცნებებისა და სურვილების დოკუმენტად

683

თუ ინსტიტუციონალური ცვლილებები არ მოჰყვა, თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების ეს გეგმაც დარჩება ოცნებებისა და სურვილების დოკუმენტად, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე გენგეგმის განხილვაზე საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

თბილისის საკრებულოში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ საკრებულოს დეპუტატებს გენგეგმის კონცეფცია და არსი ზოგადად გააცნო, რასაც დეპუტატებისგან შეკითხვები მოყვა.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განხილვაზე მყოფ თბილისის მერს მერიასთან არსებული ზონალური საბჭოს გაუქმების თხოვნით მიმართა და დაინტერესდა რას უპირებს მერია ამ ზონალურ საბჭოს. ელისაშვილის თქმით, თუ ეს საბჭო დარჩება, თბილისის ახალი გენგეგმის დამტკიცებას აზრი არ ექნება. ელისაშვილმა ინსტიტუციონალური ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ორი წლის წინ საკრებულოში დამტკიცებული გარემოს დაცვის ხუთწლიანი სტრატეგია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ინსტიტუციონალური ცვლილებების განხორციელების გარეშე თბილისის ახალი გენგეგმაც შესაძლოა გარემოს დაცვის ხუთლწიანი სტრატეგიის ბედი გაიზიაროს.

”ორი წელი გავიდა თბილისის გარემოს დაცვის სტრატეგიის დამტკიცებიდან და არაფერი გაკეთებულა, იქ რაღაც ლამაზი სიტყვების ჩამონათვალია და სადღეგრძელოები, ჩვენი ოცნებები – როგორი კარგი იქნებოდა გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ამას ტკივილით ვამბობ და სულ არ მიხარია, რადგან ის შხამიანი ჰაერი ჩემზეც ისე მოქმედებს, როგორც ბატონ ნარმანიაზე, ისევე აავადებს ადამიანებს მის გარშემო, როგორც ჩემს გარშემო. ეს შხამიანი ჰაერი არავის არ ზოგავს. თუ ინსტიტუციური ცვლილებები და რეფორმა არ მოყვა, ეს გეგმა ისევე „შეიჭმევა“, როგორც ჩვენ „ვჭამთ“ 2009 წელს დამტკიცებულ გენგეგმას, რომელიც თავისთავად ცუდი არ იყო, მაგრამ დახვეწა სჭირდებოდა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მერიის ”ზონალური საბჭო არის წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი და ნარმანიას დატოვებული”, რომელიც ნებისმიერი გეგმისა და იდეის საწინააღმდეგოა, სადაც „ჩაწყობა“ მიდის.

წყარო: ინტერპრესნიუსი