თერჯოლის მერიის 12 საჯარო მოხელეს საწვავის ხარჯვის ლიმიტი შეუწყდა

894

თერჯოლის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო მოხელეს საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის შედეგად საავტომობილო საწვავის ხარჯვის ლიმიტი შეუწყდა.

რაც იმას ნიშნავს, რომ სამსხურეობრივი მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მხოლოდ სამორიგეო მანქანით მოუწევთ, რომელიც  თერჯოლის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ჰყავს. თუმცა, როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ დაგეგმილია ორი ერთეული ავტომანქანის შეძენა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

მერიაში ამბობენ, რომ მათთვის უცნობია თუ რამდენ ხანს გასტანს ეს შეზღუდვა.

თერჯოლის მერიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებზე, პასუხისმგებელი პირების მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით შექმნილია დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია, ხოლო ანგარიშში ასახული დარღვევევის გამოსწორებისა და რეკომენდაციების შესრულების მიზნით სამუშაო ჯგუფი.

“საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით მერიის 12 საჯარო მოხელეს შეუწყდა საავტომობილო საწვავის ხარჯვის ლიმიტი, ასევე გამოსწორებულია კონტროლის ჯგუფის საქმიანობა, საქმისწარმოება მიმდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და მოქმედი კონონმდებლობის შესაბამისად”, – ნათქვამია თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე აწერს.

ქუთაისიპოსტმა მუნიციპალიტეტს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის შესახებ თუ რატომ ვერ შეძლეს საწვავის მიზნობრივი ხარჯვა და რამდენად ეთანხმებოდნენ აღნიშნულ ანგარიშს გასული წლის 25 დეკემბერს მიმართა, თუმცა პასუხი 20 დღის დაგვიანებით, 13 იანვარს მივიღეთ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა და შესყიდვების განხორციელებისას, საბიუჯეტი სახსრების არარაციონალური ხარჯვა დაადგინა.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, სათანადოდ ვერ დაგეგმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. როგორც დასკვნაში წერია, აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიაღწია დასახულ მიზნებსა და მიღებული შედეგის შესაბამისობას მოსახლეობის საჭიროებებთან.