გზების, სკვერების, სკოლების რეაბილიტაცია – რა პროექტები იგეგმება ქუთაისში?

498

ქუთაისის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ამ დროის მონაცემებით 7 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის ინფორმაციით, აღნიშნულ თანხას წინა წლის ბიუჯეტიდან მიღებული ნაშთი და რეგიონული განვითარებების ფონდიდან გამოყოფილი თანხები დაემატება.

მისივე განცხადებით, ქუჩებზე სადაც მერია სამუშაოებს ჩაატარებს, ტენდერები უკვე გამოცხადებულია.

მირზა ხიდაშელის განცხადებით, ამ დროისთვის სამუსიკო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო დაფინანსებას ელოდებიან.

“მიმდინარე წელს გარდა გზებისა, ვგეგმავთ რეაბილიტაცია გავუკეთოთ 10 სკვერს, 6 სპორტულ სკოლას და 3 სამუსიკო სკოლას”, -განაცხადა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 10 მილიონ ლარამდე იქნება.

წელს იგეგმება ასევე ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, რომლის საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 30 ათასი ლარი შეადგინა. უცნობია, რა თანხა დაიხარჯება სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.