ამბროლაურის სოფელ ჭრებალოში ​საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

716

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. რიგით 75-ე ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონული დირექტორის მოადგილე ვერნერ ტუტმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელმა, თინათინ ტყეშელაშვილმა.

საზოგადოებრივი ცენტრი ჭრებალოსა და მიმდებარე სოფლების − ხვანჭკარას, ქვიშარის, ჭყვიშის, ჟოშხას, გენდუშის, პირველი და მეორე ტოლას 3000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, ადგილიდან გაუსვლელად, სწრაფად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმის თუ საარქივო მომსახურება და სხვა. ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შენობის ინფრასტრუქტურა შშმ პირებზეა მორგებული.