ირაკლი კობახიძე: თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები აბსოლუტურად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან

616

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან „თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე ვეტოს დადებას სამართლებრივი არგუმენტები ვერ ექნება.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადია. მისივე თქმით, იგივე შეიძლება ითქვას ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებითაც.

„რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, აქ სამართლებრივი არგუმენტები მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არის სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადი და ეს უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას. ასევე, შემიძლია ვთქვა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. იყო უამრავი სირთულე დაკავშირებული ადმინისტრაციის ფორმირების წესთან. მათ შორის, ბლოკების ინსტიტუტს გავიხსენებ, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სამართლიანი წესის ჩამოყალიბებას. ჩვენ შევეცადეთ, რომ შესაბამისობაში მოგვეყვანა ადმინისტრაციის ფორმირების წესი სამართლებრივ პრინციპებთან. ამისთვის სახელმძღვანელოდ ავიღეთ პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი და დაცულია პარიტეტი მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს არის ძალიან სამართლიანი პრინციპი. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს აქაც ვერ ექნება“,– განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.