შოთა მურღულია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა

532

ქუთაისის  მერი შოთა მურღულია ბელგიის სამეფოს ქალაქ ბრიუსელში საერთაშორისო კონფერენციაზე „დეცენტრალიზებული თანამშრომლობა რეგიონები და ქალაქები განვითარებისათვის“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. განიხილეს დეცენტრალიზებული თანამშრომლობის მიზნები და საშუალებები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ურთიერთობა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასთან ევროკავშირის 2030 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით.

კონფერენცია ევროპის საბჭოსა და ევროპის რეგიონალური კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 600-მდე დელეგატი იღებდა .

შოთა მურღულიამ შეხვედრები  ALDA-ს გენერალურ მდივანთან ქ-ნ ანტონელა ვალმორბიდასთან გამართა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ქუთაისი წარადგინა  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. მან სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმებსა და განვითარებადი განათლების შესახებ, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებასა და დემოკრატიის პროცესების ხელშეწყობაზე  ისაუბრა. ,,დეცენტრალიზებული თანამშრომლობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის განვითარებისათვის.

დეცენტრალიზებულ თანამშრომლობას აქვს ბევრი ბენეფიტი, როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნებისთვის. მთავარი ინიციატივა არის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივ მმართველობაში და იმ პირობების შექმნა რომელიც დამყარებული იქნება ნდობაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, ჩართულობაზე და აქტიურ მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის გზა დემოკრატიისკენ. დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დგანან გამოწვევების და ამავე დროს შესაძლებლობების გზაზე, რომელიც კავშირშია დეცენტრალიზებულ თანამშრომლობასთან. დეცენტრალიზაციის უმთავრეს ამოცანას ხომ დამოუკიდებელი ინიციატივის უზრუნველყოფა და წახალისება წარმოადგენს, ხოლო მისი მიზანია სოციალური ფორმების სიჯანსაღე და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა და გაძლიერება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოადგენს მნიშვნელოვან ღერძს დემოკრატიისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობისათვის”, – აღნიშნა შოთა მურღულიამ

პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციების წვლილი და როლი, როგორიც არის ,,ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო“ (ALDA) და ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“ (LDA Georgia).

,,ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ” – NALAG აქტიური როლი ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროცესში, მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.

წყარო: ნიუპრესი