დეპუტატ მაკრახიძის კომპანიის მიერ მოგებული მილიონიანი ტენდერები

859

სტუდია “მონიტორი”

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. “იბოლიას” გარდა, დეპუტატის ოჯახი კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიას – “შარას” ფლობს. მისი 33%-ის მფლობელი მაკრახიძის ცოლი ციცინო კალანდაძეა. “შარამ” 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მაკრახიძის დეპუტატად არჩევის შემდეგ მოიგო.

სამშენებლო კომპანიას ფლობს მაკრახიძის ძმაც, ალექსანდრე მაკრახიძე. აღსანიშნავია, რომ ეს სამი კომპანია ხშირად ტენდერებში ერთმანეთის კონკურენტია. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიები ფასებზე თანხმდებოდნენ.

მაკრახიძე 2012 წლამდე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი შემომწირველი იყო. მან მაშინდელ სახელისუფლებო პარტიას 125 ათასი ლარი შესწირა. 50 ათასი ლარი აქვს შეწირული “ქართული ოცნებისთვისაც”. სტუდია “მონიტორთან” საუბარში “ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ ყოფილ მმართველ პარტიას თანხა იმის გამო შესწირა, რომ მაშინ ხელისუფლებას ის წარმოადგენდა. ის, ასევე, განმარტავს, რომ ასე იქცეოდა მაშინაც, ასე იქცევა ახლაც და მოიქცევა მომავალშიც, როდესაც ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური ძალა მოვა.