საქართველოს ხუთ თვითმმართველ ქალაქში გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური გაორმაგდა

859

სტატიის გაგრძელება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს ხუთ თვითმმართველ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში ახალი მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 400 ლარის ნაცვლად 800 ლარით განისაზღვრა.

შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა და მისი ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა.

“თვითმმართველ ქალაქებში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფის გაორმაგება ერთჯერადი გადასახადია და ეხება მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელიც არასდროს იყო მიერთებული გამანაწილებელ ქსელზე”, – განაცხადა სემეკი-ს რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, ვანო მეჭურჭლიშვილმა.

მისი თქმით, თვითმმართველ ქალაქებში კომუნიკაციები მჭიდროდაა განთავსებული და მიერთებისთვის ქსელის მშენებლობაა საჭირო, რომელი მოთხოვნის დაკმაყოფილებაც, თავის მხრივ, საკმაოდ დიდ სამშენებლო სამუშაოებს საჭიროებს.

„შესაბამისად, მარეგულირებელი კომისია ვალდებული იყო, ეს ხარჯები სადმე აესახა. ჩვენ ვერ დავუშვებდით ამ ხარჯების ტარიფში ასახვას, მით უმეტეს, როდესაც ეს ხარჯები გამოწვეულია თითოეული მიერთების მსურველის ტექნიკური მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ამიტომ, ხარჯების ანაზღაურების სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ამ ხარჯების იმ ზონებზე ლოკალიზება მოვახდინეთ, რა ზონებიდანაც გამოდიოდა მათი მატება“, – განაცხადა რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა.