“ენგურჰესზე” ტურისტული ცენტრის მოსაწყობად GEDF-ს კვლევის წინასწარი შედეგები აქვს

478

წინა სტატია

“ენგურჰესზე” ტურისტული ცენტრის მოწყობის მიზნით, საერთაშორისო კომპანია Colliers-მა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დაკვეთით, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობა თითქმის დაასრულა.

როგორც BM.GE-ს ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა, მათ პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ პარამეტრებთან დაკავშირებით წინასწარი მონაცემები უკვე აქვთ, რაც თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს.

“ეს პროექტი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჯდება, თუმცა საბოლოო ვარიანტი, ჯერ არ გვაქვს. რამდენიმე მოდელზე ვმსჯელობთ – არის მარტივი, რთული, მეტი ატრაქციით, ნაკლები ატრაქციით და ა.შ. ამ ყველაფერს მხოლოდ ფონდი ვერ გაწვდება, ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ დააფინანსებს, კერძო სექტორი ჩაერთვება, თუ – არა”, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, “ენგურჰესზე” ტურისტული ცენტრის განთავსება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატით განხორციელდეს.

ამასთან, ჩიქოვანი არ გამორიცხავს, ამ პროექტის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყოს, რაც “ენგურჰესი”, მისი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით გაჩერდება. ეს ყველაფერი კი, როგორც “ენგურჰესის” ხელმძღვანელობა განმარტავს, 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ვიდრე მთავრობა “ენგურჰესზე” ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იმსჯელებს და პროექტის საბოლოო მონახაზზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ენერგეტიკის განვითარების ფონდი მის ტექნიკურ-ეკონომიკურ დეტალებს არ ასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ “ენგურჰესის” თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა. ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებდა, რომ 2 თვეში მზად უნდა ყოფილიყო ეკონომიკური კვლევის დოკუმენტიც, რომელიც პროექტის რენტაბელურობას განსაზღვრავდა.