დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოს საქმიანობის 2 წლიანი ანგარიში წარუდგინა

539

დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოს წინაშე 2 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშით წარდგა. კახა კალაძემ გამოსვლა დედაქალაქის განვითარებაში ჩართული ადამიანებისა და მედიის მიმართ მადლობით დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირველ რიგში თქვენ, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული ხართ ჩვენი ქალაქის განვითარებაში და წინსვლაში; მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, ვინაიდან ამ ადამიანების მეშვეობით ხდება ინფორმაციის მიწოდება იმ პროექტების შესახებ, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით ხორციელდება ათივე რაიონში. 

წლევანდელი წელი იყო ძალიან დატვირთული, რთული, საქმიანი და წარმატებულიც. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და მოქალაქეებისთვის წლის დასაწყისში მიცემული პირობები შევასრულეთ. ნაწილი ამ პროექტებისა მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა, დიდი ნაწილი დასრულებულია. მომდევნო წლის გაზაფხულზე, იმ მსხვილ პროექტებს, რომელიც წელს იყო დაწყებული, დავასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი შვიდი პოლიტიკა ხორციელდება სწორედ იმისათვის, რომ თბილისი, საარჩევნო სლოგანის შესაბამისად, სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდეს. 

„სიცოცხლით სავსე ქალაქი, პირველ რიგში, ნიშნავს ბედნიერ ადამიანებს ამ ქალაქში, ნიშნავს უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოს; ნიშნავს მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, მოწესრიგებულ სატრანსპორტო სისტემას, ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ მაღალი ხარისხის სახელმწიფო სერვისებს. სწორედ ამისთვის – ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ცხოვრებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის ვიღწვით  ყოველდღიურ რეჟიმში და თითოეული თქვენგანის როლი ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით განხორციელებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებზე ისაუბრა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა

გამწვანებისა და სკვერების რეაბილიტაციის რეკორდულ მაჩვენებლებს, ასევე ბეტონის გზაგამყოფების გამწვანების შედეგებს. 

მისივე თქმით, კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო დაავადებული ფიჭვების ჭრისა და ჩანაცვლების მიმართულებით. 

„40 000 ათასი დაავადებული ფიჭვი მოიჭრა და პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი ჩანაცვლება. ამ პროექტში მონაწილეობაში ბიზნესმა მზადყოფნა და დახმარების სურვილი გამოთქვა. ჩვენ ამას მივესალმებით”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ დიდ და ერთ პატარა პარკს. ასევე, მოეწყობა სამი დიდი პარკი.  

„თემქის ხევში, ზღვის უბნის დასახლებაში დასრულდა პროექტი, რომელსაც ბრიტანული კომპანია აკეთებდა. ძალიან კარგი პროექტი გამოდის და მის განხორციელებას 2020 წელს ვიწყებთ. სამუშაოებს დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.  24 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და დაჭაობებულია, იქნება ახალი საქალაქო მნიშვნელობის პარკი. 

დასრულდა ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო   სამუშაოები, რომელსაც ბრიტანული კომპანია ახორციელებდა. ასევე უნდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ სხვადასხვა ექსპერტის მონაწილეობითა და მოსახლეობის ჩართულობით, არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ საზოგადოების მოსაზრებები. ვაკის პარკი გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შესაბამისად, ექსპერტებისა და  ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების პროცესში. 

დღეს დიდი პრობლემაა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და ზუსტად ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, რაც შეიძლება  მეტი არსებული პარკის რეაბილიტაცია განვახორციელოთ და შევქმნათ ახალი საქალაქო პარკები“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდა ავტობუსების ჩანაცვლებისა, მეტროსადგურებისა და მეტროს ვაგონების განახლებისა, საგზაო პროექტების ფარგლებში ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურაც. 

კახა კალაძემ ასევე გამოყო ტაქსების რეფორმა და ზონალურ-საათობრივი პარკირება.

ეს იყო პრობლემა, რომელსაც ვერცერთმა მთავრობამ ვერაფერი მოუხერხა და არც რამე ნაბიჯი გადადგმულა. ჩვენ ამ რეფორმის ეტაპობრივი განხორციელება დავიწყეთ. ყველა სტანდარტი და რეგულაცია დაინერგა ისე, რომ ადამიანებისთვის სიახლე შეგვეთავაზებინა ისეთი ფორმით, რომ მათ ოჯახებს ეს ტვირთად არ დასწოლოდა. ტაქსის მძღოლებისთვის ავტომობილის გადაღებვა და ფირის გადაკვრა უფასო იყო, ასევე, ქიმიურად წმენდის ვაუჩერები გადაეცათ. მათ აქვთ სხვადასხვა ტიპის სარგებელი, ასევე, ქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები თეთრი ფერის ტაქსებისთვის. გარდა ამისა, განვახორციელეთ კიდევ ერთი რეფორმა – შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროექტს სხვადასხვა რაიონსა და ქუჩაზეც გავაგრძელებთ. ამ ეტაპზე, ორი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში, მათ განსახორციელებლად 175 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 

„დღეს, ჩვენს დედაქალაქში იმდენი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რამდენიც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ერთდროულად არასდროს განხორციელებულა. მეამაყება ის მიდგომები, რომელიც ჩვენს მიერ დაინერგა. კერძოდ, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ვახორციელებთ, გვინდა, რომ ძირეული ცვლილებები ჩავატაროთ ყველგან და არ შემოვიფარგლოთ ზედაპირულად. ყველა იმ ქუჩაზე, სადაც დედაქალაქის მერია შედის, ყველაფერს ძირეულად ვცვლით. გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 175 მილიონამდე ლარი  დაიხარჯა. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 2 267 494 მ2 ფართობის გზის საფარი; მოწესრიგდა 82 ქუჩა და გამზირი. გაკეთდა და კეთდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია, ჭავჭავაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია და ა.შ.“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

მისივე თქმით, დასრულდა ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარეობს კიდევ ორი ისტორიული არეალის რეაბილიტაცია. 

ამ ეტაპზე, მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 9 მარტისა და დედაენის ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გაზაფხულზე ყველა ეს სამუშაო დასრულებული იქნება. ამასთანავე, საკმაოდ მსხვილი პროექტია გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობს. წელს პრემიერ-მინისტრის დახმარებით, დავამატეთ კიდევ რამდენიმე მისამართი, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდება. ვფიქრობ, 2020 წლის სექტემბერში სამუშაოები მთლიანად დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტის თითქმის მესამედი სოციალურ საკითხებს მოხმარდება. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. მნიშვნელოვანია ამ ქალაქის მოწესრიგება, მაგრამ ჩვენი ქალაქის მთავარი ღირებულება და ხიბლი მისი მცხოვრებლები, თბილისელები არიან. სამწუხაროდ, დღეს თბილისში გვყავს ისეთი ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ჩვენი მხრიდან სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა. ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ კეთილდღეობის იმ ხარისხს, რომელსაც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები იმსახურებენ. მანამდე კი მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ყოფა შეუმსუბუქოს და მაქსიმალურად დაეხმაროს ყველას, ვინც ჩვენგან დახმარებას ელოდება. ამიტომ,  თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის თითქმის მესამედი სოციალურად ორიენტირებულ პროექტებზე იხარჯება. მომდევნო წლის ბიუჯეტში ჩვენ გვექნება ორი ძირითადი მიმართულება და პრიორიტეტი, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები და ეს არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. 2019 წელს ჩვენ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, დაახლოებით, 240 000 ადამიანს დავეხმარეთ. ერთი მხრივ, ცუდია, როდესაც ამდენი გვყავს ქალაქში, ვისაც ჩვენი ხელშეწყობა სჭირდება. ჩვენი მთავარი მიმართულება უნდა იყოს, ეკონომიკის ისე განვითარება, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავდეს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრების პროექტის განხორციელებაზე, სადაც ყველა მუნიციპალური სერვისი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი და განხორციელდება არაფორმალური განათლების პროგრამები.