ბათუმში საბავშვო ბაღების დეფიციტია

762

ბათუმში, საბავშვო ბაღების დეფიციტია. 1500-ზე მეტი აღსაზრდელი ჩარიცხვის მოლოდინშია. რას უკავშირებს არსებულ პრობლემას, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი? და რა მიზეზს ასახელებს, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა  და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი? გათვალისწინებულია თუ არა ახალი ბაღების მშენებლობა მომავალი წლის ბიუჯეტში? ამ თემაზე სიუჟეტი ტვ25-მა მოამზადა. 

როგორც ადგილობრივი აღნიშნავს, ბათუმის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისათვის თავისუფალი ადგილი არ არის. ნინო გრიგორიანის თქმით, ჩარიცხვის მოლოდინში 1500-ზე მეტი მოზარდი დარჩა, მათ შორის კი არიან ისეთები, რომლებიც რიგს უკვე მეორე წელია ელოდებიან.

საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს სპიკერის განმარტებით, ახალი ბაღის მშენებლობა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა. თეონა დიასამიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულია ბავშვებს სკოლამდელი განათლება მისცეს.

ახალი ბაღების საჭიროებაზე საუბრობს პატრიოთა ალიანსის წევრი. არჩილ მამულაძის თქმით, იგი ყოველ საკრებულო სხდომაზე  ბაღებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და  ქალაქში, ახალ სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობასთან ერთად, აღმზრდელთა ხელფასების გაზრდასაც მოითხოვს.

ბათუმის ნომერ მე-15 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწაველებლებელი ხელფას არ უჩივის, თუმცა აცხადებს, რომ  ყველაფრისდა მიუხედავად,  დატვირთვა და ბავშვებთან მუშაობა გართულდა.

ბაღებთან არსებულ პრობლემას, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი მიგრაციას უკავშირებს, რომლისთვისაც ბათუმის მერია მზად არ იყო. მამუკა შამილიშვილის თქმით, გულხელდაკრეფილები არ არიან, თუმცა სამომავლოდ ახალი ბაღის მშენებლობა მაინც არ იგეგმება.

წელს ბათუმში არც ერთი ახალი ბაღი არ გახსნილა, სარემონტო სამუშაოები კი მხოლოდ 27-ე საბავშვო ბაღს ჩაუტარდა. გრანტით გამოყოფილი შვიდი მილიონი ლარით კი მხოლოდ არსებული ბაღების რეაბილიტაცია იგეგმება. სულხან ევგენიძის თქმით, ქალაქში ახალი მშენებლობისათვის  მიწის საკმარისი ნაკვეთები არაა.

ამჟამად, ბათუმში 33 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათგან ერთი, 27–ე საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია. სააღმზრდელო დაწესებულებებში კი 8 ათასზე მეტი აღსაზრდელია. რაც შეეხება ბაღებში დასაქმებულებს, მომავალი წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით, მათი ხელფასები არ იზრდება.