ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი სამუშაო ჯგუფს ქმნის და 29 დეკემბერს აქცია-პერფორმანსს გეგმავს

619

წინა სტატია

ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი 29 დეკემბერს აქცი-პერფორმანსს გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ და შვილმა განაცხადეს.

ექიმის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება მუშა-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს.

„ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება სამუშაო-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს.

„ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები გაერთიანდებიან. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით – ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიმპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (რომელთა უმრავლესობაც ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური პარტნიორია), ბიზნეს-ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ პრობლემის მნიშვნელობას და აქტუალურობას“, – განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის საახალწლო ფესტივალზე, მწერლები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგელები, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

თათას გაფრინდაშვილის განმარტებით, 29 დეკემბერს ასევე დაგეგმილია აქცია პერფორმანსი, რომელიც „ჩვენი სიფხიზლისთვის“ გაიმართება. მისივე თქმით, სიმბოლურ, „თავისუფლების სიგნალს“ ქართველი ემიგრანტებიც შეუერთდებიან.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს ახალგორში დააკავეს.  ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.