ლევან კონჯარია: სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება არ უნდა ხდებოდეს არჩევნების წინ

708

ქალაქ ზუგდიდში სანიაღვრე არხების და წყალსაწრეტი სისტემების რეკონსტრუქცია-მოწყობისთვის, მთავრობის დადგენილებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 447 ათასი ლარი გამოიყო. ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ერთადერთი, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან კონჯარია იყო. მისი თქმით. სანიაღვრე არხების რეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო არჩევნებამდე ბევრად ადრე და არა არჩევნების წინ.

„დღეს რაც იწყება, ეს ისევ და ისევ მიმართულია იქითკენ, რომ საარჩევნოდ უნდათ თანხების აღება და გადასროლა პარტიის მხარდამჭერებისთვის. დიდი ხანი გავიდა და ქალაქში ხანია არაფერი გაკეთებულა. ახლა აპირებენ რამის გაკეთებას?“, – აღნიშნა მან.

მის მოსაზრებას არ დაეთანხმა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ხარჩილავა. მან განმარტა, რომ აუცილებლობა განაპირობა ბოლოდროინდელმა სტიქიამ, რამაც ქალაქის ქუჩებში სერიოზული პრობლემები შექმნა. თენგიზ ხარჩილავასვე თქმით, ენმ-ის მმართველობის პირობებში სანიაღვრე სისტემა ბევრგან მოწესრიგდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ეს არ არის ის საქმე, რომელსაც თქვენ ეძახით, რომ თანხა გადავისროლოთ სადღაც მალულად. აგერ დაიდება ხელისგულზე. გაკეთდება და ვნახავთ. აქედან გამომდინარე, ვერ დაგეთანხმებით ამაში, ვერ გავიზიარებ თქვენს მოსაზრებას“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრ ბათლომე შელიას განმარტებით, სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია, მაგრამ აუცილებელია სამუშაო პროცესში იყოს მეტი კოორინაცია, სად უფრო არის აუცილებლობა რეკონსტრუქციის და სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები.

ოპოზიციონერი დეპუტატის ცნობით, რთული ვითარება ძლიერი წვიმებისას იქმნება უბერის ქუჩაზეც, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, თუმცა პრიორიტეტების ნუსხაში ის უკანა პლანზეა.

საპასუხოდ მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ბადრი მესხმა აღნიშნა, რომ პროექტი უკვე მზადაა და წლის ბოლომდე აქ პრობლემის მოგვარებას გეგმავენ.

წყარო: ლაივპრესი