თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობაზა გაიხსნა

667

თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობაზა გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1963 წლის შემდეგ პირველად, თბილისში თანამედროვე და მასშტაბური მუნიციპალური ავტობაზა აშენდა და დღეიდან მუნიციპალურ ავტობუსებს სამი ავტობაზა მოემსახურება.

6 ჰექტარზე განთავსებული ბაზა მოიცავს ადმინისტრაციულ შენობას, პანორამულ ხიდსა და გამშვებ პუნქტს, სერვისცენტრებს, საწვავგასამართ სადგურებს, სამრეცხაოებსა და სხვა დამხმარე ნაგებობებს.

ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების მომსახურებისათვის  ავტობაზის ტერიტორიაზე იტალიური  ფირმა – SAFE-ის გაზგასამართი სადგური განთავსდა, რომელიც Man-ის ავტობუსების დატუმბვას 4 წუთში უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ახალი ავტობაზის სამრეცხაოში დამონტაჟდა ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, WashTec-ის მიერ წარმოებული სამრეცხაო დანადგარები, რომლებიც რეცირკულაციის სისტემებითაა აღჭურვილი და წყლის  70%-მდე ეკონომიას იძლევა. 

მერიის ცნობით, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები  5-7 წთ-ში გაირეცხება. დანადგარი არის ავტომატური და დისტანციურად იმართება. რეცხვის უახლესი ტექნოლოგია ავტობუსის ზედაპირის დაზიანებას გამორიცხავს.