ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

592

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.

„გარდა ამისა, 31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე. მეტროპოლიტენი გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს შობის ღამესაც და მგზავრებს 04:00 საათამდე მოემსახურება“- განაცხადა კახა კალაძემ.