თერჯოლის მოსახლეობის უმეტესობა, სასმელის ნაცვლად, ტექნიკური წყლით მარაგდება

1758

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თერჯოლისა და სოფელ ღვანკითისა) არსებულ წყლის სისტემებზე, გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, მიწოდებული წყალი არ
იწმინდება და მოსახლეობას სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი მიეწოდება, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ − თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც 31 სოფელში წყლის ქსელის გამართულ ფუნქციონირებაზეა პასუხიმგებელი, ლიცენზია არ აქვს.

“თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია წარმოადგენს. 2017-2018 წლებში “არაფინანსური
აქტივების ზრდის“ მუხლიდან, წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე, დაახლოებით, 1,990.0 ათასი ლარი დაიხარჯა”, – აღნიშნულია აუდიტის დაკსვნაში.

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ მასალაზე დაყრდნობითა და შესრულებული პროექტების ვიზუალური დათვალიერებით, აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების ზოგადი მდგომარეობა შეისწავლა.

დასკვნის მიხედვით, წყლის სისტემა მოწყობილია ქალაქ თერჯოლასა და 32 სოფელში, ხოლო დანარჩენი 13 სოფლის მოსახლეობა ჭებითა და წყაროებით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ
მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თერჯოლისა და სოფელ ღვანკითისა) არსებულ წყლის
სისტემებზე, გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, მიწოდებული წყალი არ
იწმინდება და მოსახლეობას სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი მიეწოდება.

“მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს, არ გატარებულა სათანადო ღონისძიებები, მოსახლეობისათვის სასმელად ვარგისი წყლის მისაწოდებლად, აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტს თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი დაგეგმვითა და გამოყენებით შეეძლო, რაც არ განუხორციელებია”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიას, რომელიც პასუხისმგებელია სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და მიწოდებული წყლის ხარისხზე, უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია. სასმელი წყლის მომსახურებისთვის კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საფასური, მომხმარებელმა ლიცენზირებულ საწარმოს უნდა გადაუხადოს.

“გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ − თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც 31 სოფელში წყლის ქსელის გამართულ ფუნქციონირებაზეა პასუხიმგებელი, ლიცენზია არ აქვს. მუნიციპალიტეტის 32 სოფლიდან წყლის მრიცხველები მოწყობილია 4 სოფელში. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ − თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახურის დირექტორის ბრძანებით, დადგენილია ტექნიკური წყლის საფასური − 1 კუბ.მ – 0.4 ლარი. თვითმმართველი ერთეულების მიხედვით წყლის ტარიფის განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) გააჩნია. იგი აწესებს წყალმომარაგების ტარიფის ზღვრულ ოდენობას. სემეკის მიერ სხვადასხვა მიმწოდებელი კომპანიების მიხედვით, გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი 1 კუბ.მ-ზე 7.1 – 42.3 თეთრს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე ხარჯავს, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ვერ უმჯობესდება და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, წყალი ან არ მიეწოდება, ან უმრავლეს შემთხვევაში
მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი. ასევე, ტარიფი არ არის კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი.

აღსანიშნავია, რომ პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა, მერიას მის მოსაგვარებლად, სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.