ვარძია-ხერთვისი-ოლოდას UNESCO-ს ნუსხაში ნომინირებისთვის მუშაობენ

1213

ვარძია-ხერთვისი-ოლოდას UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სამომავლოდ ნომინირების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

სამუშაო პროცესის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტის კონსულტაციით მიმდინარეობს, სამოქმედო გეგმას გაეცვნენ დარგობრივი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პროფესორ ლუიზა დე მარკოს მიერ მომზადებული დოკუმენტს – Road Map სამომავლოდ ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტის დაცვისა და მართვის მექანიზმები დაექვემდებარება.

„სამუშაო შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დამცავი ზონების განსაზღვრის მიზნით შემუშავებული წინადადება, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კულტურული მემკვიდრეობის რესურსებით მდიდარი არეალის დაცვის მექანიზმების დასაფუძნებლად“, – აცხადებენ სააგენტოში.

სახელმწიფო უწყებათა საკოორდინაციო შეხვედრა USAID -ის ზრდა პროგრამასთან თანამშრომლობით იმართება.

* ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტი საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში 1999 წელს წარადგინა. სანომინაციო განაცხადი UNESCO-ს მიერ ქართულ მხარეს მობრუნებული აქვს მართვის ინსტრუმენტების გაძლიერების რეკომენდაციით. განვლილ 5 წელიწადში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო საქველმოქმედო ფონდებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების დაფინანსებით განცხორციელებული მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშე გამორჩეული ისტორიულ-კულტურული არეალის ხელახალი ნომინირება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარუმატებელი აღმოჩნება. პრობლემურ მიმართულებად ამ დრომდე რჩება ვარძია-ხერთვისის სათანადო დაცვისა და მართვის სისტემის დაფუძნება, რაც მხოლოდ უწყებათაშორისი კოორდინიებული ქმედებებითაა შესაძლებელი.

* USAID-ის ზრდა პროგრამა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესების ქმედებებში მიმდინარე წლიდანაა აქტიურად ჩართული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საერთაშიროსო ინსტიტუტის პროგრამას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაგან აღსანიშნავნია მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომლების ეკიპირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა, ვიზიტორთა ცენტრების საინფორმაციო-შემეცნებითი მულტიმედიური აპარატურით აღჭურვის პროექტები.