ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

1056

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც გამგეობიდან გათავისუფლებული 8 თანამშრომლის ინტერესებს იცავს, გეგმავს გაასაჩივროს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. ამ საკითხზე უცნობია მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა – გამგეობის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის იურისტებმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს.

სასამრთლოს მიერ დღეს, 15 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილების მიხედვით, დაკმაყოფილდა საიას ერთი სარჩელი სრულად და მოსამართლე ლაურა მიქავამ ბათილად ცნო ის აქტები, რომლითაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უარი უთხრა ორგანიზაციას დასწრებოდა ატესტაციის პროცესს. ეს კი საიას იურისტის განცხადებით, ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ატესტაციის პროცესი წარმართა საჯაროობის პრინციპის დარღვევით. რაც შეეხება გამგეობიდან გათავიუფლებულთა სარჩელს, ის ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომისიას დაევალა ბათილად ცნოს ყველა ის აქტი, რომლის საფუძველზეც გამგებლის ყოფილი წარმომადგენლები გათავისუფლდნენ, დაევალა ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება და თავიდან გასცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ეს არ ეხება გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს კახა კვარაცხელიას, რადგან მისი პოზიცია რეორგანიზაციის შედეგად უკვე გაუმქებულია. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა განაცდურის ანაზღარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სარჩელის ნაწილს, სადაც საუბარია გამგეობის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე, ლაურა მიქავამ თქვა, რომ ამ თვალსაზრისით საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.

საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკადუას განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნაწილში.

„საკმაო ნიშნები იყო იმისთვის, რომ დისკრიმინაცია დაედგინა სასამართლოს. დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც აღიარეს, რომ აღნიშნულ პირებზე ხდებოდა ზეწოლები, დაბარებები. ასევე აღინიშნა, რომ კომისიის წევრთა უმრავლეობა იყო „ქართული ოცნების“ წევრი. სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ აღნიშნული გასაუბრება ჩატარდა არჩევნების შემდეგ. აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათზე ხდებოდა ზეწოლები და ამაზეც არაერთი მტკიცებულებები იქნა გამოკვლეული. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პირების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება იყო დისკრიმინაციული სახის. აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებენ გამგეობიდან გათავისუფლებული პირებიც. მათი განმარტებით, მოლოდინი, რომ სასამართლო მათ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდა თავიდანვე არ ქონდათ, რადგან ის დამოუკიდებელი არ არის. მოსარჩელეების თქმით, აბსურდულია ლაურა მიქავას გადაწყვეტილება, რომლითაც მან იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაავალა ჩაატაროს ხელახალი გასაუბრება, რომელმაც ისინი უკანონოდ დაითხოვა.

თავის მხრივ, მოსამართლე ლაურა მიქავამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ მან იხელმძღვანელა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით და სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. მისი განცხადებით, სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ატესტაციის მხოლოდ წერითი დავალების შედეგებს, თუმცა ვერ შეისწავლა გასაუბრების ეტაპი, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი არც აუდიო და არც ვიდეო ჩანაწერები.

რაც შეეხება სარჩელის ნაწილს, სადაც საუბარია გამგეობის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე, ლაურა მიქავამ თქვა, რომ ამ თვალსაზრისით მტკიცებულებები აუცილებლად უნდა ყოფილიყო ცალსახა, რომლის საფუძველზეც სასამართლო იფიქრებდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით. მისი განმარტებით, ასეთი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი:

„სასმართლო დაეჭვდა იმ თვალსაზრისით რა თვალსაზრისითაც საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია იქნებოდა მაშინ, როცა ამას ექნებოდა მასიური ხასიათ. ამ თვალსაზრისით მოწმეება დაადასტურეს და უდაო ფაქტი იყო, რომ რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებში თანამდებოობებზე დარჩენენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ცალსახა დისკრიმინაცია სასამართლომ ამ საქმეში ვერ დაადგინა. მოსარჩელეებმა თქვეს, რომ მათ დააწერინეს ახსნა-განმარტებები, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ წარმოადგინა ასეთი სახის დოკუმენტები“, – აღნიშნა მოსამართლემ.

მოსარჩელე მხარე ითხოვდა გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და გაცდენილ პერიოდში დაგროვილი ხელფასის და პრემიის, თუ სახელფასო დანამატის ანაზღაურებას.

სოფელ ყულიშკარის, ახალაბასთუმნის, ერგეტის, ოქტომბერის, ჩხოუშის, კოკის და შამგონის ყოფილი წარმომადგენლების, ასევე გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილი უფროსის მტკიცებით, მათი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა. გამგეობაში ამ ბრალდებას თავიდანვე უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების მიზეზი კონკურსანტების არადამაკმაყოფილებელი შედეგებიდან გამომდინარე მიიღეს.

სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ყველა წევრი. მათ შორის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია, პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია, საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრი მურმან ნაჭყებია, გამგეობის მრჩეველთა საბჭოს წევრი ბესიკ ჭეჟია და ვგამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბაკურ კვეტენაძე.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად 28 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან 11-მა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

წყარო: ლაივპრესი